ტრამვაი-სურვილი
ინფორმაცია
გამოხმაურება
პრესა
ფოტო
ვიდეო
ბილეთის შეძენა

ტენესი უილიამსი 


ტრამვაი-სურვილი


თარგმანი: მანანა ანთაძე.

დადგმა : ქეთი დოლიძე

მხატვარი: მამუკა ტყეშელაშვილი

კოსტუმები : ლალი ბადრიძე, სოფო ქორიძე

უსიკალური გაფორმება : ანი მურღულია

ტექნიკური რეჟისორი : სოფო ორჯონიკიძე 



მონაწილეობენ:

ნინელი ჭანკვეტაძე, ირინა გიუნაშვილი,იმედა არაბული, ვანო დუგლაძე, თემურ გვალია, ქეთი ასათიანი, გუგა კახიანი, ცოტნე მეტონიძე, თამუნა ბუაჩიძე, ილია ჭეიშვილი.


სპექტაკლის ხანგრძლივობა 90 წთ

/ერთ მოქმედებად/

პრემიერა შედგა: 14.10.2015




მოკლე ანოტაცია: 

 „ტრამვაი– სურვილი“ მოქმედება ხდება ნიუ–ორლეანეში , მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, პიესა გვიამბობს ინგლისურის პედაგოგის ბლანშ დიუბუას სევდიან ისტორიას, რომელიც ჩამოდის სტუმარად თავის ფეხმძიმე დასთან სტელასთან. იგი სტელას უამბობს რომ ზედმეტი ნერვიული დაძაბულობის გამო შვებულება აიღო, სინამდვილეში კი სკოლიდან მას შემდეგ გაანთავისუფლეს  რაც 17 წლის ბიჭი აცდუნა. ბლანშს აღარ აქვს არანაირი ფინანსური შესაძლებლობა  და ამის გამო იძულებულია გაჩერდეს თავის დასთან და აიტანოს თავისი უხეში სიძე.  მალე ბლანში გაიტაცა სტენლის მეგობარმა მიტჩმა , რომელიც მასსავით მარტოხელაა. მიტჩის  წინაშე ის უმანკო ქალბატონს თამაშობს , იქამდე სანამ მისი სიძე სტენლი კოვალსკი სიმართლეს ფარდას არ ახდის და ყველას მოუყვება თუ როგორ აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა ბლანში. საბოლოოდ ბლანშ დიუბუა ფსიქიურად დაავადებულთა კლინიკაში გადაყავთ.


რეჟისორის ხედვა:

 „ნუ მოკლავთ მეოცნებე ადამიანებს”! ეს არის ჩვენი სათქმელი. ტენესი უილიამსი წერდა: „ვიცი, როგორც დრამატურგი, თუ რამდენად ძველმოდური ვარ კლასიკური ფორმისკენ ჩემს მისწრაფებაში, მაგრამ ამის გამო თავს უხერხულად არ ვგრძნობ, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ასეთი ფორმის უგულვებელყოფა თითქმის ყოველთვის არ აკმაყოფილებს მაყურებელს ისევე, როგორც მე.” „სურვილების ტრამვაი” - ტენესი უილიამსის ამ ფსიქოლოგიურმა შლიაგერმა ჩემი ყურადღება მიიპყრო მისი სრულყოფილების გამო. ეს არის შეუძლებელი სიყვარულის ისტორია, შეუძლებელი სხვადასხვა ადამიანების ბედისა და მათი ტემპერამენტის სრული შეუსაბამობის გამო. იმის გამოც, რომ გადაულახავი ზღვარია პლებეური, უხამსობაში გადასული არსებობისა და ფაქიზი, დახვეწილი, ფანტაზიებით აღსავსე ცხოვრებას შორის. არსებობის ასეთი,ორი სხვადასხვა ხერხის გამო - სტელა, არანაკლებ ძლიერი ნატურაა, ვიდრე პიესის სხვა გმირები. მიჩი - ჩეხოვის ზოგიერთი გმირის მსგავსი უხერხემლო ადამიანი, რომელიც ამ თავბრუდამხვევ, „ ცოდვიან” გრძნობას ვერ უძლებს. ამ პიესაში ყველა გრძნობა გაშიშვლებულია. ოცნებების სასაფლაო შეიძლება ვუწოდოთ ამ ნაწარმოებს. ქალაქი, საზოგადოება, რომელიც ანადგურებს ინდივიდს და სასოწარკვეთილობამდე მისული, ეს ადამიანი სხვა განზომილებაში გადადის. არარეალურ ყოფაში ეფლობა. ტენესი უილიამსის ეს კლასიკური პიესა ყოველთვის დიდი გამოწვევაა მსახიობებისა და რეჟისორისთვის.


ჩვენი მაყურებლის, ბატონი იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასება,
სპექტაკლისა "ტრამვაი-სურვილი"
რეჟისორი ქეთი დოლიძე

ვისაც თეატრი უყვარს და ჯერ არ უნახავს „ტრამვაი-სურვილი“, აუცილებლად ნახეთ კინომსახიობთა თეატრში. ნინელი ჭანკვეტაძე ბლანშის როლში იმდენად შთამბეჭდავია, რომ, მგონი, მსგავსი რამ ბოლო წლებში არ მინახავს. მისი თითოეული სცენა, უბრალოდ, სულისშემძვრელია.

ტენესი უილიამსის ეს პიესა ომის შემდგომ ამერიკაში (ნიუ ორლეანში) პედაგოგი ქალის ტრაგიკულ ბედზე გვიამბობს. ცოდვილ ქალზე, რომელსაც საზოგადოება ამხელს და ამათრახებს და ამ გზაზე კიდევ უფრო მეტ ცოდვას სჩადის. მხილება, როგორც ბოროტება. აი, ამაზეა სპექტაკლი და კიდევ - სიყვარულის დაუოკებელ სურვილზე, რომლის წინაშეც ყველა უძლურია - მსხვერპლიც და მოძალადეც...

გულწრფელად ვულოცავ ქეთი დოლიძეს Keti Dolidze და მთელ შემოქმედებით ჯგუფს.

ტრამვაი-სურვილი *****

22.08. 2016

ბრწყინვალე სპექტაკლია, კლასიკური ნაწარმოები გაბედულად, ყოფითად და ძალიან დამაჯერებლად გვიჩვენეს. თითოეული მსახიობი ლაღად ერთვება მოქმედებაში და ტკბება თამაშით. რეჟისორი ქეთი დოლიძე აძლევს მათ საშუალებას ბოლომდე გვიჩვენონ რა შეუძლიათ.

მრავლისმეტყველია პირველივე სცენა, როდესაც დები ერთმანეთს ხვდებიან. ბლანში (ნინელი ჭანკვეტაძე) ერთდროულად გვიჩვენებს როგორი დაუცველი და სათუთი ბუნებისაა მისი გმირი და ამავე დროს რა ძლიერი ხასიათი აქვს. იგი თავის დასთან თითქოს იმის გამო ჩამოვიდა, რომ სკოლაში მუშაობას თავი ანება, სინამდვილეში კი ცხოვრება დაენგრა. მისი და სტელა ( ირინა გიუნაშვილი) ცოლად გაჰყვა სტენლის, ერთ პოლონელ მუშას, რომელიც განსხვავებულ სოციალურ კლასს განეკუთვნება და სრულიადაც არა ჰგავს იმ ადამიანებს, ვისთანაც ბლანში გაიზარდა ან მის გარშემო იყვნენ. მაგრამ სტელას უყვარს თავისი ქმარი, მიუხედავად ყველა ნაკლისა. ცდილობს როგორმე მოაგვაროს ურთიერთობა თავის დასა და ქმარს შორის, მაგრამ ეს არც ისე ადვილი გამოდგება, თანაც ის ფეხმძიმედაა.

მათთან სახლში კარტს ხშირად თამაშობენ. სტენლის ერთ-ერთი მეგობარი მიჩი ბლანშს დაუახლოვდება. თემურ გვალია არაჩვეულებრივად ასრულებს ამ როლს. გვიჩვენებს ემოციების მთელ სპექტრს, რასაც გრძნობს და განიცდის მთელი მოქმედების განმავლობაში.

საინტერესო, დაძაბული სპექტაკლია და მოქმედების აღქმაში სუბტიტრები არ გვეხმარება - როგორც თავიდან გვითხრეს, ეს თარგმანის თარგმანი არ გახლავთ, ტენესი უილიამსის სიტყვა-სიტყვითი ტექსტია. ჰოლივუდური გლამური არაფერში არ იგრძნობა, მაგრამ მთელი დასი ცდილობს ჩაგვითრიოს, ჩაგვრიოს საკუთარ პრობლემებში და იბრძვის, რათა უკეთესი გახადოს მისი ცხოვრება.

თუ გინდათ ნახოთ როგორ შეიძლება ახალი სუნთქვა მიანიჭოთ კლასიკას, განიცადო რას ნიშნავს ვნება, სასოწარკვეთა და იმედგაცრუება, არ გამოტოვოთ ეს სპექტაკლი

Tony Chalis

/თარგმნა მანანა ანთაძემ/

http://sgfringe.com/?p=2260



The Scotsman 24.08. 2016
ტრამვაი-სურვილი ****
ჯოის მაკმილანი

‘გსურთ ეზიაროთ ევროპული კულტურის მქონე ერთ-ერთ საუკეთესო თეატრს, სადაც ემოციური რიტორიკა კარგად ესადაგება ვიზუალურ სიმშვენიერეს, მაშინ ნახეთ ეს სპექტაკლი, რომელიც სამშობლოში წლის 2015 საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს და ბევრი ჯილდოც მიიღო’

აი ასე გვიწვევს Roxy თუმანიშვილის კინომსახიობთა ქართული თეატრის სპექტაკლზე /ინგლისური სუბტიტრებით/ - თანამედროვე კლასიკოსის ტენესი უილიამსის შესანიშნავ პიესაზე, რომელიც მოგვითხრობს ოდესღაც უმშვენიერესი ბლანშ დიუბუას ისტორიას, დღეს უკვე განადგურებულს, უსახლკაროს და თავისი დის სტელას და მისი ქმრის, მუშა სტენლის კეთილგანწყობაზე დამოკიდებულს.

მოქმედება ხდება ქუჩის გადაღმა, სცენის სიღრმესი მდებარე ბარის ფონზე. ბარში პროექციით მოჩანს მუსიკოსთა სილუეტები და მოისმის 30-იანი წლების ნიუ ორლეანის ჯაზის ჰიტები, ხან ხმამაღლა, ხან კი ოდნავ გასაგონად.

ქეთი დოლიძის 95 წუთიანმა არაჩვეულებრივმა სპექტაკლმა ღირსეული მეწყვილეობა გაუწია ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელ ‘მინის სამხეცეს’, რომელიც ბლანშის მსგავს სამხრეთელ ქალზე მოგვითხრობს. ასეთები იოლად არ იმსხვრევიან, თითქოს გონებრივად რიგზე არ არ არიან, როგორც სხვებს ჰგონიათ, მაგრამ სინამდვილეში წარმოუდგენლად ძლიერები არიან, იბრძვიან სიცოცხლისთვის, ოცნებებისთვის, იმისთვის, რაც უყვართ, მაგრამ სოციალური ძალადობის წნეხს ვერ უძლებენ. ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდებოდა გამკლავება.

მოქმედება მიყავს ნინელი ჭანკვეტაძეს /ბლანში/ და ირინა გიუნაშვილს /სტელა/, რომლებიც მთელ დასთან ერთად გვიჩვენებენ რა ძალა აქვს დების ურთიერთსიყვარულს მამაკაცთა უხეში და უსამართლო ძალადობის წინააღმდეგ. ბოლოს ბლანშის და სტელას ურთიერთობა წყდება, როდესაც სტენლის ძალადობა პიკს აღწევს და რომლის დაჯერება სტელას არ სურს. აქ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რა ძლიერი ყოფილა ეს ურთიერთობა და რა დაუვიწყარი გვიჩვენეს იგი ტენესი უილიამსის უდიდესი პიესის ამ საოცარ ვერსიაში. ეს შეგრძნება სტელას სამუდამოდ გაჰყვება და მთელი თავისი ოჯახური ცხოვრების განმავლობაში არასოდეს გაუნელდება.

/თარგმნა მანანა ანთაძემ/

http://www.scotsman.com/lifestyle/culture/theatre/theatre-review-a-streetcar-named-desire-1-4211593


The List, 23.08. 2016
Lorna Irvine

ტენესი უილიამსის კლასიკური პიესა ახლებურად წაკითხული მომაჯადოებელია *****

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს საქართველოდან არაჩვეულებრივი დასი ჰყავს და ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს უნატიფესი, ძლიერი ენერგიით დამუხტული სპექტაკლი. ცნობილი სამკუთხედი - ბლანშ დიუბუა, მისი და სტელა და სტელას ქმარი სტენლი კოვალსკი - ეჭვიანობისა და ძალადობის ტრადიციული ჩარჩოდან გამოდის და სრულიად ახალი სიცოცხლით ივსება. რეჟისორი ქეთი დოლიძე იოლად ახერხებს გმირებს შორის ლტოლვა და დაძაბულობა დუღილის წერტილზე აიყვანოს, მიუხედავად იმ გაუცნობიერებელი ქალთმოძულეობის გრძნობისა, რაც მუდამ იკითხება ტენესი უილიამსის პიესებში. სცენის შესანიშნავი დიზაინი, მოვერცხლისფრო-მოთეთრო ტონებში გადაწყვეტილი, სიღრმეში მოცეკვავე ჩრდილებითა და მუსიკოსთა სილუეტებით არის ოდა, რომელიც ჯაზის ეპოქის დიდებულებასა და ხიბლს ეძღვნება.

სტენლი წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც თუმცა ცდილობს თავისებურად , ყურადღება გამოიჩინოს თავისი ფეხმძიმე ცოლის მიმართ, მაგრამ ძალიან უხეში მამაკაცია. პირველივე სცენა, როესაც იგი ხორცს ჩეხავს მაგიდაზე, ადასტურებს, რომ ის ველური, გამოქვაბულის კაცია, მაგრამ მისი პორტრეტი სხვა შტრიხებსაც შეიცავს. იგრძნობა ხელმოცარული კაცის ნაღველი და სევდა. ბლანშის მენტალურ პრობლემებს სათუთად თამაშობს საოცარი, უმშვენიერესი ნინელი ჭანკვეტაძე. და საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ყველაფერი იუმორითა და ირონიით ფეთქავს. ქმრებს სამზარეულოს ნივთებით დასდევენ, სურვილებს ურთიერთობები გაოფლილ, გამხეცებულ სანახაობამდე მიდის, უნდობლობა გაშმაგებას იწვევს

დოლიძე ნამდვილად ქებას იმსახურებს იმისათვის, რომ ეს ცნობილი კლასიკა თანამედროვე ენით წაიკითხა და გვიჩვენა მარადიული თამაშობანი, რასაც ადამიანები დახურულ კარს მიღმა ან საწოლ ოთახებში თამაშობენ.
/თარგმნა მანანა ანთაძემ/


https://edinburghfestival.list.co.uk/article/83872-a-streetcar-named-desire/


სპექტაკლი "ტრამვაი-სურვილი"
/ედინბურგის ფესტივალი 2016/

The Outlier Scotland ****
მრავალი ჯილდოს მქონე ქართულმა დასმა - თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა- ტენესი უილიამსის პულიცერის პრემიით აღნიშნული ‘ტამვაი-სურვილის’ სრულიად წარმოუდგენელი, გასაოგნებელი დადგმა გვიჩვენა

TV Bomb
ფრინჯის საუკეთესო სპექტაკლი

Fringe Review
პოპულარულმა ქართულმა დასმა, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა წარმოადგინა ტენესი უილიამსის პულიცერის პრემიით დაჯილდოებული პიესა. . . ეს იყო ძალიან თანამედროვე ‘ტრამვაი-სურვილი’ ბრწყინვალე აქტიორული შესრულებით

Fringe Review
ტენესი უილიამსი მუდამ აღიქმებოდა, როგორც ხმა სხვა ეპოქიდან. წელს ფესტივალზე ორმა სპექტაკლმა ‘მინის სამხეცე’ /საერთაშორისო ფესტივალი/ და ‘ტრამვაი-სურვილი’ , ტენესი უილიამსი 21-ე საუკუნის ავტორად წარმოადგინა. ორივე ძალიან თანამედროვეა

/თარგმნა მანანა ანთაძემ/


Stage. 30.08.2016 * * * *

Nick Awde

თუმანიშვილის თეატრის ქართული დასის ყოველი ჩამოსვლა ედინბურგის ფესტივალზე სასიამოვნო განცვიფრების საწინდარია. ამჯერად საშუალება გვქონდა გვენახა ტენესი უილიამსის ‘ტრამვაი-სურვილი’, ძალიან დახვეწილი სპექტაკლი, რომელიც რომელიმე ინგლისურმა თეატრმა კი არა, ქართულმა თეატრმა წაიკითხა ახლებურად და რაც ამ თანამედროვე კლასიკაში აღმოაჩინა, ის გვიჩვენა.

მოქმედება 1950 იანი წლების ჯაზით დანისლულ ატმოსფეროში ვითარდება. სცენაზე ქართულად საუბრობენ, მაგრამ ტიტრებად ტენესი უილიამსის დედნის ტექსტი მიყვება, რომელიც მაქმანივით ამკობს თუნდაც ქართულად წაკითხულ პოეტურ სამხრეთულ დიალოგს.

ასეთ ატმოსფეროში გავიცანით ბლანში /ნინელი ჭანკვეტაძე/, რომლის ცხოვრება უკვე ბოლომდე დანგრეულია, მაგრამ ცდილობს გარეგნულად არაფერი შეიმჩნიოს, თავისი შეწუხებული და თავგზააბნეული დის, სტელას /ირინა გიუნაშვილი/ გამო. მათ გარშემო კი ტრიალებენ სტენლი /იმედა არაბული/ და მიჩი /თემო გვალია/ , რომლებიც სრულიად სხვა ორბიტაზე ბრუნავენ.

აზარტული მეტოქეობის პროცესში მოქმედება თანდათან დაღმავალ სპირალზე ეშვება. ვნებები უკვე აშკარად აღარ იგრძნობა, დაფარული და შენიღბული ხდება. სამაგიეროდ უკიდურესი დაძაბულობა ახლა თითქმის დანგრეულ ოჯახზე გადადის, რომლის ცხოვრებაც ბლანშმა თავდაყირა დააყენა.

დების ურთიერთობაში სტენლის არსებობა ნელი მოქმედების ბომბივით წიკწიკებს, ისევე როგორც მიჩის მერყევი ‘ჰო თუ არა’ და საბოლოო ჯამში ამ ორმა მამაკაცმა ორი დის გაუცნობიერებელი ლტოლვა თუ სწრაფვა ბოლომდე დაამიწა.

აი რა ტრაექტორიით მოძრაობს სპექტაკლი ბრწყინვალე დასის შესრულებით და დოლიძის ძლიერი და დახვეწილი რეჟისურით, რომელიც ქალების მონოლოგებისთვის სცენის ცენტრს იყენებს გარშემორტყმულს თითქმის სიზმრეული ქაოტური სამყაროთი, მამუკა ტყეშელაშვილის თითქოსდა საგასტროლოდ გაიოლებული დიზაინი
/თარგმანი მანანა ანთაძისა/

https://www.thestage.co.uk/reviews/2016/a-streetcar-named-desire-review-at-assembly-roxy-edinburgh-the-cast-sparkle/




https://www.youtube.com/watch?v=i07w628FVYc